რას აპროტესტებენ ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქის მცხოვრებლები

ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში, რომელსაც „ოცნების ქალაქსაც“ უწოდებენ, კორპუსების მშენებლობა წელს დაიწყო.  
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში თვითნებურად შესახლებულმა პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაციის მიხდევით, ამავე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში შესაძლოა, სხვა პირები შეასახლონ. ისინი მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეიქმნას კომისია და დადგინდეს, მშენებლობის პირველ ეტაპზე ვინ მიიღებს ბინებს.

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ე.წ. მუყაოს ქალაქის მცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ ელექტროენერგიის გადასახადზე პანდემიის დროს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მათ არ შეეხო.

აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე გამოეხმაურა და კორპუსებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

„იქ მყოფმა ყველა ოჯახმა იცის, რომ პანდემიის მიუხედავად, კორპუსების მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ისიც იციან, რომ რეგისტრაცია მხოლოდ მათ აქვთ გავლილი და ბინები მხოლოდ მათთვის შენდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის სუბსიდირებას, მოგეხსენებათ, იქ გამრიცხველიანება არ არსებობს, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პროგრამა არ შეეხოთ, მაგრამ ჩვენ ნაწილობრივ მაინც დავეხმარეთ და კიდევ ვეძებთ გზებს დასახმარებლად“, – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

ე.წ. მუყაოს ქალაქში, რომელსაც „ოცნების ქალაქსაც“ უწოდებენ, კორპუსების მშენებლობა წელს დაიწყო. ხელვაჩაურის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა თვითნებურად, სხვადასხვა დროსაა დასახლებული.

ბათუმში „ოცნების ქალაქის” მშენებლობის კაფსულა  პრემიერმა გიორგი გახარიამ  ჩადო. 582 ბინიან სამ კორპუსს ტენდერში გამარჯვებული „დაგი“ 17 თვეში ააშენებს  პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტი იქამდე გაგრძელდება, სანამ რეგისტრირებული 1600-ზე მეტი ოჯახიდან საცხოვრებელს ყველა არ მიიღებს.