თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დანიის მთავრობისგან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური დაცვის საშუალებები გადაეცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, დანიის მთავრობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 590 ცალი დამცავი კომბინიზონი, 800 ცალი დამცავი სათვალე, 1,6 ათასი ცალი რესპირატორი და 1,6 ათასი ცალი სამედიცინო პირბადე გადასცა.
უწყების ცნობით, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (DEMA) მიერ გადაცემულ აღჭურვილობას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ.
აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.
უწყების ცნობით, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველო მიმდინარე წელს იყო ერთ-ერთი პირველი მორეაგირე ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მხრივ ყველაზე რთულ რეგიონებში – მარნეულსა და ბოლნისში.