სოფელ ითხვისში შუა საუკუნეების ნაქალაქარი აღმოაჩინეს

გათხრების შედეგად აღმოჩენილია  უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკული ნაწარმი  და ლითონის ნივთები.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს, ნათქვამია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქეოლოგების განცხადებით,  მსგავსი ქალაქის ტიპის დასახლება იმერეთის მასშტაბით პრაქტიკულად არ გვხვდება. ნასახლარი საკმაოდ დიდ ტერიტორიას, დაახლოებით 10-15 ჰექტარს მოიცავს და შეიძლება, ქუთაისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებაც კი ყოფილიყო.

გათხრების შედეგად აღმოჩენილია  უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკული ნაწარმი, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები.

მეცნიერების თქმით, აღმოჩენა სავარაუდოდ XIII  საუკუნეს ეკუთვნის.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაახლოებით 2 წელია მიმდინარეობს. მას არასამთავრობო ორგანიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი „არგვეთი“ აწარმოებს. სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა.

სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.