დამნაშავეა ქათამი: რა მოხდა დუისელებსა და მატნელებს შორის

დაპირისპირების შედეგად სასტიკადაა ნაცემი მატანში მცხოვრები ორი პირი, რის გამოც სოფლის მოსახლეობა ინციდენტში მონაწილე ქისტების დასჯას მოითხოვს
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ორი სოფლის - დუისისა და მატნის მცხოვრებლები დღეს ვერ შერიგდნენ, თუმცა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დუისელ ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ, 23 ივლისს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მატნელი ახალგაზრდები სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ, მათ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სამანქანო გზაზე ავტომობილით ქათამი გაიტანეს, რასაც იქვე მყოფ პირებთან შელაპარაკება მოჰყვა. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

პანკისში მკვლელობის გამო დაპირისპირებული გვარების შერიგების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

მომხდარის შედეგად სასტიკადაა ნაცემი მატანში მცხოვრები ორი პირი. სოფლის მოსახლეობა ინციდენტში მონაწილე ქისტების დასჯას მოითხოვს. სოფელ მატანთან, პანკისის ხეობის შესასვლელში დღეს 400 კაცამდე შეიკრიბა, ისინი ცენტრალური სამანქანო გზის გადაკეტვას აპირებდნენ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, პოლიციასთან და ხელისუფლებასთან ერთად, დილიდან ჩართული იყვნენ პანკისის ხეობის უხუცესები. მათი შეფასებით ქათმის გამო მეზობელ სოფლებს შორის დაპირისპირება მიუღებელია. 

„ჩხუბი ხშირად არ არის, სხვადასხვა მიზეზით შეიძლება წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ მოხდეს, უმჯობესია, არ ხდებოდეს, მაგრამ მალევე ხდება ჩარევა და შერიგება. მეზობელი სოფლებია და ერთმანეთს მეზობლურად უნდა მოვექცეთ",- განაცხადა პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მკვიდრმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 126-ე, ცემის მუხლით აღიძრა.