მსოფლიო დღეს

გლობალური ჩიპიზაცია: ბილ გეიტსმა კომენტარი გააკეთა – ვიდეო

ბილ გეიტსი მანამდე არც კი ცდილობდა უარეყო კონსპიროლოგიური თეორია გლობალური ჩიპიზაციის შესახებ, ვინაიდან ის ძალიან სულელურად მიაჩნდა.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ადამიანები თავდაყირა აყენებენ ყველაფერს და მიაჩნიათ, რომ რადგან მწარმოებლები ფულს გამოიმუშავებენ ვაქცინის გაყიდვით, ე.ი. მათ საბოლოოდ მოსახლეობის ნაწილის გაწყვეტა სურთ, განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა CNN-თან საუბრისას.

დაჩიპავს თუ არა მილიარდერი კაცობრიობას: ბილ გეიტსი კომენტარს აკეთებს

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსულმა ინფექციამ იფეთქა, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ-მედიით არაერთხელ გავრცელდა ხმები, თითქოს ამ ყველაფერში ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის ხელი ურევია, ვინაიდან მათ ვაქცინის მეშვეობით ადამიანების დაჩიპვა სურთ მათზე გლობალური თვალთვალის მიზნით. ვიდეორგოლმა, რომელიც გეიტსს „დედამიწის მოსახლეობის 15%-ის განადგურების“ სურვილში სდებს ბრალს, YouTube-ზე მილიონობით ნახვა დააგროვა.

„ეს არის სამწუხარო კომბინაცია პანდემიისა, სოციალური ქსელებისა და ადამიანებისა, რომლებიც ძალიან მარტივ ახსნას ეძებენ. ისინი უბრალოდ თავდაყირა აყენებენ ყველაფერს, რომ რადგან ჩვენ ფულს ვაკეთებთ, ე.ი. ადამიანების დახოცვა გვსურს ვაქცინით“, — აღნიშნა გეიტსმა.

მან იქვე შეახსენა საზოგადოებას, რომ მისმა ფონდმა 250 მილიონი დოლარი გაიღო პანდემიასთან ბრძოლისთვის.

როგორც ბილ გეიტსმა ივნისის დასაწყისში განაცხადა, ადამიანების გლობალურ დაჩიპვაში მისი მონაწილეობის შესახებ კონსპიროლოგიური თეორია იმდენად სულელურია, რომ მისი უარყოფა არც ღირს.