აშშ წესებს ამკაცრებს: ვინ შეძლებს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას

საემიგრაციო ვიზა ლეგალური ბინადრობის (Green card) უფლებას არ წარმოადგენს, მისი მფლობელი კი შენგენის ზონის ტერიტორიიდან აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებს.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) შენგენის ზონის ტერიტორიაზე, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში, იუწყება საქართველოში აშშ-ის საელჩო. 

აშშ-ში გაქცეულმა ჩინელმა ვირუსოლოგმა ამერიკულ ტელეარხს სკანდალური ინტერვიუ მისცა

საემიგრაციო ვიზა ლეგალური ბინადრობის (Green card) უფლებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, საემიგრაციო ვიზის მფლობელი ზემოთ აღნიშნული ქვეყნების გავლით აშშ-ის ტერიტორიაზე მოხვედრას ვერ შეძლებს.

აშშ-ის მთავრობის განკარგულება გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ გამონაკლისი დაუშვა ასევე უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე – ინვესტორებზე, აკადემიკოსებზე, სტუდენტებზე, სახელშეკრულებო ტრეიდერებსა და ბიზნესმენებზე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან აშშ-ში ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 144 ათასს გადააჭარბა.