თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია „სპარტაკის“ წინააღმდეგ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მიუხედავად იმისა, რომ „რუბინი“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
კვარაცხელიამ კვლავ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - არაერთხელ ჩამოიტოვა უკან მეტოქე, კარგადაც დაარტყა (მისი დარტყმა მაქსიმენკომ მოიგერია) და ბოლოს გუნდს პენალტის დარტყმის შანსი მოუტანა. 44-ე წუთზე ნახევარმცველი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო იგნატიევმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის ბოლოს, როდესაც ანგარიში უკვე იყო 1:2, კვარაცხელია კვლავ წაიქცა „სპარტაკის“ საჯარიმოში. მაგრამ არბიტრმა დარღვევა არ ჩათვალა და ნახევარმცველს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათიც კი უჩვენა.
კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე უკვე მეოთხედ აღიარეს. „სპარტაკთან“ შეხვედრამდე ის იყო საუკეთესო „როსტოვის“ (0:0), „ურალის“ (2:1) და „ორენბურგის“ (1:0) წინააღმდეგ გამართულ მატჩებში. ასევე, ქომაგების ვერსიით, კვარაცხელია საუკეთესო გახდა „ცეესკასთან“ (1:1) მატჩში. სწორედ ამ შეხვედრის წყალობით „რუბინმა“ შეინარჩუნა პოზიცია რუსეთის პრემიერლიგაში, მას მერე, რაც ევგენი მარკოვმა გაიტანა პენალტი, რომელიც ქართველმა ნახევარმცველმა „გამოიმუშავა“.
კვარაცხელია „რუბინში“ გასულ ზაფხულს მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა. ყაზანის კლუბში ქართველმა ფეხბურთელმა ჩაატარა 28 მატჩი, გაიტანა სამი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.