მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი სოფლებს: მთავრობის ინიციატივა

უახლოეს პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფელში მაღალი ხარისხის ინტერნეტი გაჩნდება – აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა რეგიონის სოფელს შეეხება.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყველა სოფელში მაღალი ხარისხის ინტერნეტი – ეს ის ამოცანაა, რომელიც მალე უნდა გადაიჭრას, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფელში მაღალი ხარისხის ინტერნეტი გაჩნდება.

„ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტი. ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ სოფელში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს არის ამოცანა, რომელიც სწრაფად უნდა გადაწყდეს. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა გახდა, რათა ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და სოფლებში ცხოვრების ისეთი დონე იყოს, როგორიც არის ქალაქებში“, – განაცხადა გახარიამ.

ადრე საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა „ოუფენ ნეტის“ (OpenNet) საპილოტო ნაწილის დაწყების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. აღნიშნული პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სოფლების და დაბების ინტერნეტით უზრუნველყოფა, რადგან დიდი ქალაქებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია. საუბარია 800 დასახლებულ პუნქტზე.

კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ონლაინ–ურთიერთობამ – სამსახურებრივი, პირადი თუ საგანმანათლებლო. სწორედ ამიტომ გადაწყდა პროექტის განხორციელების პროცესის დაჩქარება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის ქსელში სულ 901,8 ათასი აბონენტია რეგისტრირებული, მათ შორის არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. აბონენტების უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, ამასთან, მთიან რეგიონებში არის სოფლები, რომლებშიც დღემდე არ არის ინტერნეტი. ყველაზე მძიმე სიტუაცია მთიან აჭარაშია – შუახევში, ქედასა და ხულოში, ასევე თიანეთის და სვანეთის მუნიციპალიტეტებში.