გოგონას იდუმალებით მოცული გარდაცვალება: პრემიერმა შსს-ს დავალება მისცა

გახარიამ სამართალდამცველებს საქმის მაქსიმალურად ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა, რათა საზოგადოებაში სპეკულაციისთვის ადგილი არ დარჩეს.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმირებული იყოს.

რას საქმიანობს კომპანია, რომელშიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა>>

ახალგაზრდა თბილისელი გოგონა თეთრიწყაროს რაიონში ხუთი დღის ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილი სახლიდან თავისი ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

„სახლში აგრესიული და ნამტირალევი მოდიოდა" – 23 წლის გოგონას დაღუპვის დეტალები

ვიდეოკამერამ თამარის ავტომობილი ჯერ მარნეულთან დააფიქსირა, შემდეგ – თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშთან. თვითმხილველებმა ბოლოს ის ხაიშის მეზობელ სოფელ გოლთეთში შენიშნეს. ამ სოფელთან ახლოს რამდენიმე დღეში აღმოაჩინეს მისი ავტომობილი, რომელშიც გარდაცვლილი გოგონა უკანა სავარძელზე იპოვეს.

„რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია ცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია", – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს.

პრემიერმა სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდა, ოპერატიულად მიაწოდონ ინფორმაცია დაღუპულის ოჯახსა და საზოგადოებას გამოძიების მსვლელობის შესახებ.

„მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ დავავალო მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება – ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის", – განაცხადა გახარიამ.

ბაჩალიაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რატომ დროზე ვერ იპოვეს მისი ავტომობილი, რომელიც გზასთან საკმაოდ ახლოს იდგა, ხოლო იმ სოფლიდან, სადაც ის ბოლოს ნახეს, სულ ორიოდე კილომეტრში. მით უმეტეს, რომ ავტომობილი მშვენივრად უნდა გამოჩენილიყო დრონებიდან და ვერტმფრენიდან, რომლებიც გოგონას ძებნაში იყო ჩართული.

გოგონა იპოვეს 22 ივლისს, მას შემდეგ, რაც 21 ივლისს მისმა ოჯახმა და მეზობლებმა თბილისი-რუსთავის მაგისტრალი გადაკეტეს და ძებნის გააქტიურება და გამოძიების დაჩქარება მოითხოვეს.