ბოლნისში ახალი მუზეუმი გაიხსნა

ავტორების ჩანაფიქრით, ბოლნისის მუზეუმი სხვადასხვა ასაკის აუდიტორიას მოიცავს, იგი იქნება როგორც ხელოვნების ცენტრი, ისე კულტურულ–შემეცნებითი ღონისძიებების მოედანი.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ბოლნისში კიდევ ერთი ახალი მუზეუმი, ქვემო ქართლის საგანმანათლებლო, ტურისტული და სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში. 

ბოლნისში ახალი მუზეუმი გაიხსნა

მუზეუმმა დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, №48-ში დაიდო ბინა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბოლნისის მუზეუმი წარმოადგენს XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის მოდელს და ერთ სივრცეში აერთიანებს მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტს. 

ბოლნისში ახალი მუზეუმი გაიხსნა

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და საგამოფენო სივრცე მოეწყო.

„თანამედროვე ინფრასტრუქტურამ საშუალება მოგვცა მოგვეწყო სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცე (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდა). ყოველივე ეს თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მუზეუმში დამთვალიერებელს რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორიის გაცნობის შესაძლებლობა ექნება. მოსალოდნელია, რომ მუზეუმში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან იქნება წარმოდგენილი. მუზეუმი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებზე და მასში სხვადასხვა თემატური გაკვეთილები ჩატარდება. 

ბოლნისში ახალი მუზეუმი გაიხსნა

„დამთვალიერებელი გაეცნობა როგორც 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების, ისე მთლიანობაში ქვემო ქართლის, როგორც მულტიკულტურული რეგიონის ისტორიას, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ბერძნები, რუსები, გერმანელები და ა.შ.“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორების ჩანაფიქრით, ბოლნისის მუზეუმი სხვადასხვა ასაკის აუდიტორიას მოიცავს, იგი იქნება როგორც ხელოვნების ცენტრი, ისე კულტურულ–შემეცნებითი ღონისძიებების მოედანი.