თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა დროულად მოწესრიგდეს ქალაქში არსებული სიტუაცია.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის არსებული ჯარიმების ოდენობა გაიზრდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება. 

თბილისში პარკირების წესების დამრღვევები ჯარიმას არ გადაიხდიან – ვის ეხება ცვლილება

კერძოდ, ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება. აღნიშნული სივრცეები მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის არის გამოყოფილი. ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე პარკირების შემთხვევაშიც ჯარიმა, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი გახდება.

გარდა ამისა, ცენტრალურ ქუჩებზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების მიზნით ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 200 ლარს. ეს პუნქტი ეხება მოვაჭრეებს, რომლებიც „დახლებს“ საკუთარ მანქანებში აწყობენ.

ავტომობილის გზაზე დატოვება სამ თვეზე მეტი ვადით ექვემდებარება 50 ლარით დაჯარიმებას.

„ჩვენ კონკრეტულ რაიონებში ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გვაქვს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომანქანა კონკრეტულ ადგილზე მხოლოდ სამი თვით გააჩერონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის სიტყვებით, პარკირებისთვის აკრძალულ ადგილზე ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას საჯარიმო სადგომზე გადაიყვანენ. თუ კანონდამრღვევი ჯარიმას ათ კალენდარულ დღეში გადაიხდის, მას აღნიშნული ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.