რა სახის მედიკამენტი იპოვეს გარდაცვლილი თამარ  ბაჩალიაშვილის მანქანაში

ადვოკატის ინფორმაციით, ავტომობილში იყო გარდაცვლილის პირადი ნივთები, მათ შორის – მობილური ტელეფონი.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებული მედიკამენტები ფსიქოტროპული არ არის, განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ მანქანაში დღეს აღმოაჩინეს. როგორც გოგონას ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მას თეთრიწყაროს რაიონთან არაფერი აკავშირებდა.

როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ზუსტად არ იცის, რა ტიპის პრეპარატებია, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ფსიქოტროპული არ არის.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დეტალურად მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების ამოღება, დალუქვა. დაილუქა ის წამლები, რომლებიც მის ჩანთაში ნახეს. ზუსტად რა ტიპის პრეპარატებია, ვერ გეტყვით. ფსიქოტროპული პრეპარატები არანაირად არ არის. ამას ექსპერტები იტყვიან, რა ტიპის პრეპარატებს განეკუთვნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

თსუ: ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გადაიდება

როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, ექსპერტები ისაუბრებენ იმ საკითხზეც, ეტყობოდა თუ არა ძალადობის კვალი გარდაცვლილს.

„ასე დეტალურად რომ გითხრათ, რა სახის დაზიანებები აქვს, ვერ გეტყვით, რადგან მოგეხსენებათ, გარდაცვალების დროს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

რამიშვილის ინფორმაციით,  ავტომობილში ასევე იყო გარდაცვლილის პირადი ნივთები, მათ შორის – მობილური ტელეფონი.

ბაჩალიაშვილი სახლიდან საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრებმა მაშინვე მისი ძებნა დაიწყეს. ვიდეოკამერამ მისი ავტომობილი ჯერ მარნეულთან დააფიქსირა, შემდეგ – თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშთან. თვითმხილველებმა ბოლოს ის ხაიშის მეზობელ სოფელ გოლთეთში შენიშნეს. ამის შემდეგ ბაჩალიაშვილის კვალი წყდება.

სამძებრო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობდა, სამუშაოებში ჩართული იყო 60-მდე პოლიციელი.