კორონავირუსზე მიზნობრივ ტესტირებაში, შესაძლოა, მეშახტეებიც ჩაერთონ

უფასო სავალდებულო ტესტირება უტარდება იმ რისკ–ჯგუფებს, რომელთა შემთხვევაშიც COVID-19-ით ინფიცირების ალბათობა მაღალია.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. კორონავირუსზე მიზნობრივ ტესტირებას შეიძლება მეშახტეებიც დაექვემდებარონ, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

ისევ კარანტინი? გამყრელიძე გარდაბნის სოფლების ჩაკეტვას არ გამორიცხავს

საქართველოში ამ ეტაპზე მიზნობრივი ტესტირება ყველა იმ ჯგუფს ეხება, ვინც დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენს – დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, კარანტინში მყოფი პირები (მათ ტესტი მე-13 და მე-14 დღეს უტარდებათ), ნებისმიერ კლინიკაში მოთავსებული პაციენტები პნევმონიის დიაგნოზით და ყველა ადამიანი ცხელებით.

უფასო სავალდებულო ტესტირება უტარდება ბავშვთა სახლებისა და მოხუცებულთა სახლების კონტინგენტს, მედპერსონალს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს და ა.შ. მათ დაემატებიან მეშახტეები და კიდევ რამდენიმე ჯგუფი, რომელთა ტესტირების ალგორითმი შემუშავების პროცესშია.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ადამიანებს, ვისაც ექნება მომატებული ტემპერატურა – მიმართეთ შესაბამის ცხელების ცენტრებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებს, ასეთი რამდენიმე ათეულია ქვეყანაში, და ჩაიტარეთ ტესტი. ეს ტესტი უფასოა, ხარჯებს სახელმწიფო ფარავს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველომ კორონავირუსის ტესტების პირველი პარტია თებერვლის დასაწყისში მიიღო და მას შემდეგ საეჭვო შემთხვევების შემოწმება ხდება. 

ADB საქართველოს PCR–ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფს

დღეისათვის კორონავირუსის გამოსავლენად იყენებენ ტესტების ორ სახეობას PCR-ტესტი და სწრაფი ტესტი. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

ტესტის მეორე სახეობა არის სწრაფი, ანუ ექსპრეს-ტესტი, რომელიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1073-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 275 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.