თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან უმეტესი ნაწილი გარდაბნის რაიონს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
24 ახალი შემთხვევიდან შვიდი შემოტანილია, ანუ „იმპორტირებული" შემთხვევაა, ხუთი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ათი შემთხვევა დაფიქსირდა გარდაბნის რაიონში. კიდევ ორი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია. COVID-ცენტრებში ამ დროისთვის 188 ადამიანი მკურნალობს.
ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარებაზე ძლიერ ზემოქმედებას არ მოახდენს. მისი თქმით, გარდაბანში დაავადების ახალი ჯაჭვი გაჩნდა და ახალი შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.
„ჩვენი პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო რომელიმე ერთ დიდ კლასტერთან. ახლაც ასეთი ვითარებაა. მინდა, არ გასცილდეს ამ სიტუაციას. ანუ, ჩვენ ახლა გარდაბნის რაიონის ე.წ. კლასტერი გვყავს. საკმაოდ დიდი, ოთხი სოფელია, მათში მცხოვრებთა რაოდენობა 7000-ზე მეტია. აქედან გამომდინარე, შემთხვევების მატება, ალბათ, მოსალოდნელი იყო", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია 1 073 ადამიანი.
ასეთი მკვეთრი ზრდა, სავარაუდოდ, გამოიწვია გარდაბნის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩატარებულმა გაფართოებულმა ტესტირებამ. რაიონში ბოლო დღეებში ინფიცირების 24 და გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა ოთხი ადამიანი. ამჟამად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 907.
კარანტინში იმყოფება 5 692 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 275 პაციენტია.
საქართველოში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურეა.
კორონავირუსი საქართველოში: დიდი ნახტომი - რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.