ახალი სიცოცხლე „მაია წყნეთელს" – ფილმის რესტავრაცია დასრულდა

რესტავრატორებმა უზარმაზარი და ხარისხიანი სამუშაო ჩაატარეს: გაასუფთავეს ხმა, დაამუშავეს გამოსახულება და შეიტანეს ფერის კორექტივები.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა რეზო ჩხეიძის 1959 წელს გადაღებულ ერთ-ერთ საკულტო ფილმს „მაია წყნეთელი" რესტავრაცია ჩაუტარეს.

ფილმის რესტავრაცია-აღდგენა ციფრულ ფორმატში 2K მიმდინარეობდა. ექსპერტებმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს: გაწმინდეს ხმა, დაამუშავეს გამოსახულება და გააკეთეს ფერის კორექტივები.

„შესანიშნავი ფილმია თავისი დრამატურგიით, სცენარით, მონტაჟით, ბრწყინვალე მსახიობებით. რა თქმა უნდა, სულხან ცინცაძის მუსიკაც უნდა აღვნიშნოთ. ეს ყველაფერი აღდგა „ქართული ფილმის" ბაზაზე", – განაცხადა კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ და რესტავრატორების ჯგუფს მადლობა გადაუხადა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ფილმის რესტავრაცია მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავს ეძღვნება. ფილმში მოვლენები სწორედ პატარა კახის მეფობის დროს ვითარდება.