აზიის ბანკმა საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებითი სახსრები გამოუყო

ფინანსური რესურსები მიმართული იქნება ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრისკენ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკის ვარდნის შედეგად წარმოიშვა.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის დამატებით 45 მლნ ევროს გამოუყოფს, ნათქვამია ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მლნ ევრო: რას მოხმარდება თანხა

თანხები მიმართული იქნება COVID-19-ის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური შედეგების შემსუბუქებაზე, ასევე იმ რეფორმების მხარდაჭერაზე, რომელიც გამიზნულია ეკონომიკისა და საქართველოს სტაბილურობის გაზრდისკენ.

ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული კრედიტი შეავსებს კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ ფინანსურ დეფიციტს, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

„კრედიტი წარმოადგენს საგანგებო საბიუჯეტო მხარდაჭერას, რათა საქართველოს მთავრობამ შეძლოს პანდემიაზე უფრო ეფექტური რეაგირება“, – განაცხადა AIIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა საინვესტიციო ოპერაციებში კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

პირველი კრედიტი პანდემიის პერიოდში

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა მიმდინარე წლის მაისში საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის დაახლოებით 91,4 მლნ ევრო გამოუყო.

მხარეებმა ხელი მოაწერეს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე სასესხო შეთანხმებას. შეთანხმების მიზანია პანდემიით გამოწვეული საფრთხეების გამოვლენა, თავიდან აცილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება. 

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მლნ დოლარი გამოუყო

ფინანსური რესურსი მოხმარდება ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე COVID-19-ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

AIIB-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მსოფლიო ბანკთან 1 მაისს გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ნაწილია, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. აზიის ბანკი შეუერთდა ამ შეთანხმებას და დამატებითი სახსრები გამოყო.

AIIB-სთან შეთანხმება იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.