ადიგენში საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

დაჭრილის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ადიგენის რაიონული ცენტრის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი დაჭრილი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით უგონო მდგომარეობაში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.

ვინ ცდილობდა შაქარაშვილის საქმის ერთადერთი ვიდეო-მტკიცებულების გაყიდვას – ახალი დეტალები

ტელეარხის მონაცემებით, მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დაჭრილი თბილისში გადმოიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

პოლიცია ცდილობს იმის დადგენას, გოგრიჭიანს ესროლეს თუ თვითმკვლელობა სცადა.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლითაა აღძრული - „თვითმკვლელობამდე მიყვანა“ და „იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა“.

როგორც შსს-მ განმარტა, საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით აღიძვრება მაშინ, როდესაც პოლიცია აღმოაჩენს მხოლოდ სხეულს ან დაჭრილ ადამიანს. გამოძიებისას საქმეს შესაძლოა კვალიფიკაცია შეეცვალოს.