COVID-19 - ბოლო ცნობები

ანტისხეულებზე მნიშვნელოვანი: უჯრედები კორონავირუსს იმახსოვრებს და წლების შემდეგაც ცნობს

COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულებში უჯრედული მეხსიერება ვითარდება, რაც მათ იმუნური პასუხის სწრაფად გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ადამიანის იმუნურ უჯრედებს კორონავირუსის ამოცნობა მასთან პირველი კონტაქტიდან წლების შემდეგაც შეუძლია, აცხადებენ სინგაპურელი მკვლევარები, რომელთა ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature.

მათი თქმით, ეს იმუნიტეტის უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ანტისხეულების არსებობა.  

კორონავირუსის სრული დამარცხება საეჭვოა: ანტისხეულები ორგანიზმში მალე ქრება – ახალი კვლევა

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ვირუსს იმუნური უჯრედები (ე.წ. T-ლიმფოციტები და B-ლიმფოციტები) „იმახსოვრებენ“.

სწავლულებმა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული 36 ადამიანის, 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის დროს გამოჯანმრთელებული 23 ადამიანისა და ასევე იმ 37 ადამიანის უჯრედების „მეხსიერება“ გამოიკვლიეს, რომლებიც არასდროს ყოფილან ავად. COVID-19-სგან ყველა გამოჯანმრთელებულს აღმოაჩნდა T-ლიმფოციტები, რომლებმაც ახალი კორონავირუსი ამოიცნეს, ხოლო SARS-ის ეპიდემიის დროს გამოჯანმრთელებულთა უჯრედებმა 2003 წლის ვირუსი „იპოვეს“.

უფრო მეტიც, დამცავი T-ლიმფოციტები აღმოაჩნდათ მათაც, ვინც ამ ნოზოლოგიებით არასდროს ყოფილა ავად. მკვლევარების ვარაუდით, ამ კატეგორიის ადამიანები წარსულში რაღაც სახით შეეჯახნენ კორონავირუსს და ამიტომაც ფლობენ გარკვეულ იმუნიტეტს ახალი ეპიდემიის მიმართ.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ COVID-19-ის „გაუჩინარებული ანტისხეულების“ შესახებ დისკუსია არაგონივრულია, ვინაიდან ბევრად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელებულებში ვითარდება უჯრედული მეხსიერება, რაც მათ ვირუსთან ახალი შეჯახების შემთხვევაში იმუნური პასუხის სწრაფად გაცემის საშუალებას აძლევს.