თსუ: ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გადაიდება

თამარ ბაჩალიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. თსუ-ს სტუდენტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ-ღონისძიება გადაიდება, ნათქვამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნივერსიტეტის ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო.

„მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა მოიპოვა Erasmus + სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში - უნივერსიტეტში პარიზი 8 და რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თამარ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე წერილი დაწერა – ნახეთ რას წერდა გოგონა

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი  მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა. ის საბაკალავრო პროექტის დასაცავად ემზადებოდა.

„25 ივლისს თსუ-ს 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება. ამ ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 25 ივლისს დაგეგმილი თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიების გადადების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ მანქანაში დღეს აღმოაჩინეს. როგორც გოგონას ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მას თეთრიწყაროს რაიონთან არაფერი აკავშირებდა.

„სახლში აგრესიული და ნამტირალევი მოდიოდა" – 23 წლის გოგონას დაღუპვის დეტალები

ბაჩალიაშვილი სახლიდან საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრებმა მაშინვე მისი ძებნა დაიწყეს. ვიდეოკამერამ მისი ავტომობილი ჯერ მარნეულთან დააფიქსირა, შემდეგ – თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშთან. თვითმხილველებმა ბოლოს ის ხაიშის მეზობელ სოფელ გოლთეთში შენიშნეს. ამის შემდეგ ბაჩალიაშვილის კვალი წყდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თამარი ასევე ორ სამსახურში მუშაობდა. გარდაცვლილის მამა ვარაუდობს, რომ თამარს სამსახურში პრობლემები ჰქონდა. მშობლებმა ზუსტად არ იციან, კონკრეტულად რას საქმიანობდა გოგონა. მამამ რამდენჯერმე დააპირა მასთან ოფისში მისვლა, მაგრამ თამარმა ამის ნება არ მისცა.

სამძებრო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობდა, სამუშაოებში ჩართული იყო 60-მდე პოლიციელი.