თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. იტალიაში აპირებენ შექმნან პოლიტიკური ძალა, რომლის მისიაც ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანა იქნება, იუწყება სააგენტო Reuters.
პარტია Italexit-ის დაფუძნების თაობაზე საზოგადოებას ყოფილმა ჟურნალისტმა და ამჟამად სენატორმა ჯანლუიჯი პარაგონემ აცნობა, რომელიც მანამდე, 20 ივნისს Brexit-ის არქიტექტორ ნაიჯელ ფარაჯს შეხვდა ლონდონში.
„ჩვენ აღარ გვსურს ვიყოთ დაშანტაჟებულები იმ ქვეყნებისგან, რომლებიც იტალიის დიდებულ პრესტიჟს შეურაცხყოფენ“, — აღნიშნა პარაგონემ.
პოლიტიკოსს ამ გზით სურს მხარი დაუჭიროს ბრიუსელის საწინააღმდეგო განწყობებს ქვეყანაში. იტალიის საზოგადოების უკმაყოფილებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მანამდე ევროკავშირელი პარტნიორები თავს იკავებდნენ პოსტპანდემიური იტალიისთვის ეკონომიკის აღსადგენად სუბსიდიების გამოყოფისგან.
თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, პარაგონეს განზრახვა ამ დროისათვის უკვე საეჭვოდ გამოიყურება, ვინაიდან 22 ივლისს ევროკავშირმა მიაღწია ეკონომიკური აღდგენის ფონდის ამოქმედების შესახებ შეთანხმებას, რომლის მოცულობაც 750 მლრდ ევროა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ფონდის 28% სწორედ იტალიისთვის გამოიყოფა გრანტებისა და კრედიტების სახით, რაც ქვეყნის მდგომარეობას შეცვლის.