მოგზაურობა ქმნის ძვირფას წუთებს: ადგილები ბათუმში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის საპრომოციო ახალი ბანერი გამოჩნდა – „აღმოაჩინე ის, რაც შენია“.
Sputnik

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც შიდა ტურიზმი გახსნა. მთავრობა მოუწოდებს ჩვენს მოქალაქეებს, იმოგზაურონ საქართველოში, „აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია“ – ულამაზესი ბუნება, გამორჩეული კუთხეები, დაცული ტერიტორიები, კულინარია თუ კულტურა. მწერალი და ჟურნალისტი დადუნა ნადარაია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ მოწოდებას აქტიურად ასრულებს. მას შემდეგ, რაც საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, დადუნამ უკვე საქართველოს რამდენიმე ქალაქი და რაიონი მოინახულა. თუმცა ამჯერად ბათუმზე მოგვითხრობს.

მოგზაურობა ქმნის ძვირფას წუთებს: ადგილები ბათუმში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

როდესაც დაიწყო კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია“, გადავწყვიტე თბილისის ცხელ დღეებს გავქცეოდი, ჩავალაგე ჩემოდანში კაბები, მზისგან დამცავი საშუალებები, წიგნები და მატარებლით ბათუმში გავემგზავრე. მთელი გზა სამშობლოზე ვფიქროდი და მის სილამაზეზე, დღევანდელ მდგომარეობაზე და სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა მემოგზაურა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში და ლამაზი შთაბეჭდილებები დამეგროვებინა.

როდესაც ტაქსი გავაჩერე და სასტუმროსკენ დავიძარით, გზად გამოჩნდა შავი ზღვა, რომელიც მშვიდი იყო და კამკამა. სასტუმროს ნაცვლად მძღოლს სანაპიროზე გავაჩერებინე მანქანა და ბათუმის ბულვარში ჩამოვედი. 10 კმ სიგრძის ზღვის სანაპირო ზოლი და პარკი, სადაც მრავლადაა ბუნგალოები, კაფე–ლაუნჯები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები. უნიკალური ჯიშის მცენარეებით გაშენებულ ბათუმის ბულვარში შეგხვდებათ სკულპტურები და არქიტექტურული მონუმენტები. 

მოგზაურობა ქმნის ძვირფას წუთებს: ადგილები ბათუმში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

დილით ბათუმი საოცარია. თითქოს არ ყოფილა პანდემია და ამდენი უიმედო ფიქრი და სტრესი არ გადაგვიტანია. ჩემოდნით სანაპიროზე ვერ ვისეირნებდი, ამიტომ ჩემოდანზე ჩამოვჯექი და ზღვის ხედით ვტკბებოდი. ბათუმი უცხოელი ტურისტებისთვის საოცნებო ადგილია. ფეშენებელური სასტუმროები „შერატონი“, „რედისონი“, „ჰილტონი“ განსაკუთრებით ღამით შორიდანვე იპყრობენ მზერას. მოცეკვავე შადრევნები, თანამედროვე დიზაინის მაღაზიები, მოდური ბუტიკები, რესტორნები, კაფე-ბარები და ღირსშესანიშნაობების ვრცელი სია, რომელიც ჩამოსულ დამსვენებლებს აღაფრთოვანებს. ევროპის მრავალ ქალაქში ვარ ნამყოფი, ვყოფილვარ წყნარი ოკეანის, ყვითელი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მისეირნია ბოსფორის სრუტეზე გემით, მაგრამ ახლა აქ, ჩემი ქვეყნის ზღვასთან სხვა ფიქრები მაქვს, ბავშვივით ბედნიერი ვარ.

მოგზაურობა ქმნის ძვირფას წუთებს: ადგილები ბათუმში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

დამსვენებლები იღებენ ნამზეურს, მიირთმევენ კოქტეილს... მინდა მალე დავბინავდე სასტუმროში და ჯერ ფეხით ვისეირნო სანაპიროზე, შემდეგ ზღვაში შევცურო.

აბაშიძის 60 ნომერში მაღაზიაა „წიგნები ბათუმში“, სადაც შარშან წიგნის პრეზენტაცია მქონდა. საოცარი ყავა და ვაშლის ტარტი აქვთ ცხელ შოკოლადთან ერთად. წიგნების ფურცლები ზღვისა და ნიჟარების სურნელით არის გაჟღენთილი. ძალიან მინდა გავიცნო მათი ფეისბუქ-გვერდის ახალი უსაყვარლესი ადმინი და ტაქსით მივდივარ კაფემდე.

დილაა. მხოლოდ ერთი ქალბატონი მიირთმევს ყავას და დილის გაზეთს კითხულობს. ვგიჟდები, როდესაც პლანშეტისა  და ლეპტოპის ნაცვლად ადამიანები გაზეთს ჩაჰკირკიტებენ. ბეჭდური მედიის ჟურნალისტი ვარ, რა ვქნა!

ვუკვეთავ ტკბილეულს და ყავას მივირთმევ. ბათუმის ცენტრალური ქუჩები თავისი ინფრასტრუქტურით ისეთივე  მიმზიდველი და დაუვიწყარია, როგორც სხვა ევროპული დონის ქალაქის ქუჩები, უმშვენიერესი შენობები ლამაზი აივნებით, წყნარი, მოკირწყლული ქუჩებით, ლამაზი ფასადებით. დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ და სტატიისთვის მასალის შეგროვებას ვიწყებ. დღიურში ვიწერ შთაბეჭდილებებს და ელიზაბეტ ჯილბერტის „ჭამე, ილოცე, შეიყვარეს“ ვყიდულობ, რომელიც ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე და წავიკითხე, მაგრამ მინდა ყოველთვის თან მქონდეს.

მოგზაურობა ქმნის ძვირფას წუთებს: ადგილები ბათუმში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ბათუმში შეგიძლიათ მოინახულოთ „ალი და ნინოს“ ქანდაკება, რომელიც მოძრაობს და ყოველ 10 წუთში ქალისა და კაცის ორი ფიგურა ერთიანდება.

დნმ-ის უჯრედის ქართული „ანბანის კოშკი“, სადაც შეგიძლიათ ივახშმოთ მბრუნავ პანორამულ რესტორანში ღია ტერასით და დაათვალიეროთ ობსერვატორია.

ბათუმის ფუნიკულიორი – შავი ზღვის, ქალაქისა და მთების უნიკალური ხედებით, რესტორნებით, კაფეებით, სავაჭრო ერთეულებით, პოდიუმისა და სახურავის ტერასებით.

არა აქვს მნიშვნელობა ღამე იქნება თუ დღე, თუ სიყვარულს ვეღარ დაიტევს გული და გადაწყვეტ საყვარელ ადამიანთან ხელი მოაწერო, შეგიძლია ზვიგენის თვალის ფორმის ქორწინების სასახლეს ესტუმრო.

მოგზაურობა ქმნის ძვირფას წუთებს: ადგილები ბათუმში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ მედეას ქანდაკება, ასტრონომიული საათი, ნეპტუნის შადრევანი. ვენეციური მოედნის სან-მასკის ასლი, რესტორნებით, სასტუმროებით და მოედნით, მოუსმინო ცოცხალ მუსიკას და დიდი სიამოვნება მიიღო.

აუცილებლად ესტუმრეთ დელფინარიუმს. ისეირნეთ ბუნებრივი წარმოშობის ნურის ტბაზე. აქვე გეტყვით, რომ ჩემი  ოცნებაა ვიცხოვრო ბათუმში, ყოველ დილით ვირბინო ნურის ტბაზე, რადგან ეს ადგილი, ტირიფის ძირში მინდორზე წოლა და ფიქრი ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ მრავალფეროვნებითა და სილამაზით განთქმული ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხე.

მოგზაურობა ქმნის ძვირფას წუთებს: ადგილები ბათუმში, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

მე ჩამოგითვალეთ სია, თუ რისი მონახულებაც შევძელი ბათუმში დასვენებისთვის განკუთვნილ დღეებში. სხვა უამრავი საინტერესო ადგილია ბათუმში, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და შთამბეჭდავად გაატაროთ დრო.

ჩემი მოგზაურობის ბოლო დღე წვიმიანი აღმოჩნდა, რა უნდა მეკეთებინა? დავლიე ცხელი შოკოლადი და გემით გადავწყვიტე ზღვაში გასვლა. მიყვარს ნისლიანი და წვიმიანი ამინდი, ასეთი ამინდი თავგადასავალია ჩემთვის.

ბათუმის ნავსადგური კი ერთ-ერთი უძველესი ნავსადგურია, სადაც ბათუმის იახტ-კლუბი მდებარეობს და საიდანაც გემები გადიან. შევიძინე ბილეთი და პატარა გემით ზღვაში გავედი. წვიმას გადაეღო და ცა ღრუბლებით იყო დასერილი. ვიდექი გემბანზე და ცხოვრებაზე ვფიქრობდი – რომ მთავარი ცხოვრებაში არის მოგზაურობა, წიგნები და ძვირფასი წუთები. მახსენდება ფილმი „მესიჯი ბოთლში“ და ვფიქრობ ალტერბექსისა და ჩემი სანაპიროს ადამიანებზე. მთავარია ყოველთვის გვქონდეს სიყვარული, როგორც თბილი სახლი...