თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და წამყვანი ფრანგულ ავიაკომპანია „ეარ ფრანსს“ (Air France) შორის აღნიშნულ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.
ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს: პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს და თბილისი-პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.
რეგულარული რეისები „ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
ეკონომიკის სამინისტრო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანია AirBaltic-თან. მინისტრ ნათია თურნავას თქმით, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება თბილისი-რიგას მიმართულებით რეგულარული რეისების აღდგენის შესახებ.
„ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც უპირობოდ არის დაშვებული მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები. შესაბამისად, აგვისტოში კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს“, - აღნიშნა თურნავამ.
საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდება მიუნხენის მიმართულებითაც. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანია იქნება, რომელიც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარულ ავიარეისებს აღადგენს – კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.
ამ დროისათვის საქართველოში მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება, რომლითაც ქვეყანაში თანამემამულეები ბრუნდებიან. რეისებს, რომლებიც სახელმწიფოს სუბსიდირებით ხორციელდება, ორი ავიაკომპანია WizzAir და Myway Airlines ასრულებს. Georgian Airways-ი კომერციულ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს ვენის, ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით. ფრენები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის დაცვით სრულდება.