თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში გუნდმა საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
სტუმრები მატჩის 37-ე წუთზე ნიკა გაგნიძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გიორგი კუციას წყალობით გაათანაბრეს – ფეხბურთელმა მოწინააღმდეგის კარში 11-მეტრიანი დარტყმა წარმატებით განახორციელა.
საბოლოო მატჩის შედეგი კი ნუგზარ სპანდერაშვილის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა და მატჩი გორის „დილის“ გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.
ამ წარმატების წყალობით „დილას“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. თბილისის „დინამო“ კი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილზე ბათუმის „დინამოა“, რომელმაც ქუთაისის „ტორპედო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.