თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. პირველი წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.
„ვინაიდან, საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რაც შეეხება დაკავებულ არასრულწლოვან ბრალდებულებს, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ თანახმად, მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა უნდა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის გადაეცემა სასამართლოს.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას.
შაქარაშვილი საქმე
19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გამოძიება მის გარდაცვალებას როგორც პირთა ჯგუფის მიერ განზრახ მკვლელობას განიხილავს და დამნაშავეთა დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე პროკურატურა იუწყება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე.
გამოძიების შედეგების შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: უშუალოდ მკვლელობას, რომლის დამტკიცებას ახლა ცდილობს გამოძიება, და უკვე დადგენილ ფაქტებს - ცემას, ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
ცემის ეპიზოდი უკავშირდება წვეულებას, სადაც კონფლიქტი მოხდა. ჯგუფური ძალადობის ეპიზოდი ეხება პირველი კონფლიქტიდან რამდენიმე საათში თბილისი-მცხეთის გზაზე მომხდარ მასობრივ ჩხუბს, რომლის შემდეგ შაქარაშვილი უკვალოდ გაქრა.
„ამორალურია“ – პრემიერი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის ირგვლივ სპეკულაციების შესახებ >>
მესამე ეპიზოდი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა - უკავშირდება ფეხბურთელის მეგობარ გური ამირხანაშვილს, რომელიც ძალით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს თბილისში, და ეს იმ დროს ხდება, როდესაც მისი მეგობარი დაიკარგა და არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი.