კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

ამ დროისათვის კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით 162 პაციენტი მკურნალობს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე 900 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, შვიდი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ე.წ. იმპორტირებულ შემთხვევებს, ოთხივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„უმეტესობა მათგანი საკარანტინო სივრციდანაა, ნაწილი კი დადასტურებულია ადგილზე, ანუ ბინაზე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში მკურნალობს 162 პაციენტი. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული. ერთი გამოჯანმრთელდა. კლინიკაში ამჟამად 23 პაციენტია. 

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

„ამ ხუთი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი, დანარჩენი ოთხი შემთხვევა კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო დღეებში კლინიკაში შეყვანილი პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა რთულია, შეინიშნებოდა დაავადების პროგრესირება, მძიმე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობის გამო პაციენტს ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდა. ახლა მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო ან საშუალოზე მსუბუქი.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 1039 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულებს დაემატა ერთი პაციენტი ახლა მათი რაოდენობაა 900. გარდაიცვალა 16 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5687, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.