ეროვნული ბანკი საქართველოს სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს

Bloomberg-ის ახალი სავალუტო პლატფორმა Bmatch იქნება ხელმისაწვდომი მონაწილეთა ფართო წრისთვის, არამარტო ბანკებისთვის, არამედ სავალუტო ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს ახალ რეფორმას, რომელიც სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას, ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისთვის წვდომის გამარტივებას, ლიკვიდობის გაზრდას და ბაზრის გამჭვირვალობას ემსახურება, ნათქვამია რეგულატორის პრეს-რელიზში.

„ეროვნული ბანკის ამოცანაა ხელი შეუწყოს სავალუტო ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას დროული და საჭირო ღონისძიებების გატარებით. მათ შორისაა ახალი რეფორმა, რომლის მიზანიცაა სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისათვის წვდომის გაადვილება, ლიკვიდობის ზრდა და უფრო მეტი გამჭვირვალობა. რეფორმა ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

რეფორმის პირველი კომპონენტი გლობალური სავალუტო კოდექსია, რომელიც 2017 წელს მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონაწილეობით შეიქმნა. კოდექსის პრინციპების დაცვით სავალუტო ბაზარი 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

„სავალუტო კოდექსით განსაზღვრული პირობების სავალდებულო შესრულებას აღიარებს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, 47 ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ასევე 1000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი და კომპანია. მათ შორისაა აშშ-ის, ინგლისის, ევროპის, იაპონიის, კანადისა და ავსტრალიის ცენტრალური ბანკები და წამყვანი საბანკო დაწესებულებები“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა ქართული სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს და შეიმუშავეს ახალი რეგულაცია - სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი, რომელიც საერთაშორისო კოდექსის ძირითად მოთხოვნებს ეფუძნება.

„როგორც გლობალური კოდექსის, ისე სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის გაზრდა. ბაზრის მონაწილეებისათვის სამართლიანი, თანაბარი პირობების დადგენა და მათი კლიენტების ინტერესების უკეთ დაცვა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ბანკები ვალდებული იქნებიან გამჭვირვალე გახადონ და ვებგვერდზე გამოაქვეყნონ მომსახურების სრული ტარიფები და  სხვა პირობები. დაამუშაონ და აღასრულონ დავალებები კონფიდენციალობისა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვით. სავალუტო ბაზარზე მოქმედებების მაღალი სტანდარტების დასაცავად ბანკები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამის ორგანიზაციულ მოწყობასა და IT ინფრასტრუქტურას“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.

დოკუმენტის თანახმად, რეფორმის მეორე კომპონენტია ბლუმბერგის ახალი სავაჭრო პლატფორმის - Bmatch ამოქმედება. Bmatch პლატფორმა 2016 წლიდან წარმატებით მუშაობს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში და უზრუნველყოფს შემხვედრი გარიგებების ავტომატურ დაწყვილებას და აღსრულებას.

„გარიგების დადებამდე განაცხადის ავტორის ვინაობა ანონიმურია, რაც კონფიდენციალობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს. ამასთან, სისტემაში კონტრაგენტის რისკების მართვა მონაწილეების მიერ განსაზღვრული ლიმიტების საშუალებით, ხოლო დადებული გარიგებების აღსრულება ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად ხდება“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე მორიგი ინტერვენცია განახორციელა

პლატფორმა Bmatch საქართველოში მარტიდან ამოქმედდა და ტესტირების რეჟიმში წარმატებით ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე პლატფორმას უკვე იყენებს 15 ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთი მსხვილი კომპანია და უცხოური საინვესტიციო ფონდი.

„ახალი წესების ამოქმედებით პლატფორმა მონაწილეთა უფრო ფართო წრისათვის გახდება ხელმისაწვდომი. სისტემაში ვაჭრობა შეეძლებათ როგორც ბანკებს, ისე კომპანიებს. ამასთან, კომპანიებს ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკის დახმარებით განათავსონ. შედეგად, ისინი აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ ივაჭრებენ იმ ბანკებთან და/ან კომპანიებთან, ვინც მათ უკეთეს ფასს შესთავაზებს. ეს უზრუნველყოფს ბაზრის უფრო დიდ კონცენტრაციას, მეტ ლიკვიდობასა და ხელსაყრელ ფასს“, - ხაზგასმულია განცხადებაში.

სავალუტო ბაზრის წესი და ახალი პლატფორმა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მანამდე კი ბანკებს ექნებათ დრო შესაბამისი ინფრასტრუქტურის გასამართად, ხოლო კომპანიები მომსახურებაზე ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე ბანკთან გაფორმებას შეძლებენ.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.