საპარლამენტო არჩევნები 2020: „რესპუბლიკელები“ კულისებს მიღმა აღმოჩნდებიან?

საქართველოში ერთ-ერთი უძველესი პარტია – „რესპუბლიკური პარტია“ იძულებულია სასამართლოს გზით დაამტკიცოს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს რესპუბლიკური პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) სადავო საქმეს სასამართლოში გაარჩევს – პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს გაიმართება.

საქართველოს ცესკომ ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს პარტიას გასულ კვირაში რეგისტრაციაზე უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ რეგისტრაციის დადგენილ ვადებში ვერ ჩაეტია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ ვადები დაცული იყო. მათ სასამართლოს მიმართეს იმ იმედით, რომ ის ცესკოს გადაწყვეტილებას გააუქმებს. 

არჩევნები 2020: რამდენმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია და ვის ეთქვა უარი

„რესპუბლიკელების“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტაციის ცესკოში წარდგენის ბოლო ვადა 15 ივლისი იყო, ხოლო პარტიამ განაცხადი ფოსტით 14 ივლისს გაგზავნა.

სამნიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ვადები დარღვეულია და მათ რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. სასამართლო სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

სამნიძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი კანონის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციასთან არის დაკავშირებული, რადგან კანონი არ კრძალავს ფოსტით დოკუმენტების გაგზავნას და ამ სახით რეგისტრაციას.

„იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს წესით გადაწყდება, რომ ჩვენი პარტია დარეგისტრირდეს. სხვა შემთხვევაში ვაწარმოებთ სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს. ვისთან და როგორ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ძალიან მალე გახდება ცნობილი“, – განაცხადა სამნიძემ.

როგორ მიდის არჩევნებისთვის მზადება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების მიღების ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე, სექტემბრის დასაწყისში იწურება.

არასაპარლამენტო პარტიების განაცხადებს ცესკო 15 ივლისამდე იღებდა. განაცხადი სულ 68 პარტიამ შეიტანა. ამჟამად დარეგისტრირებულია უკვე 20 პარტია, ორს უარი ეთქვა. არჩევნებში მონაწილე პარტიების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი. 

„ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

იმ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე 15 ათასი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ცესკოში 5 ათასი მომხრის ხელმოწერები უნდა წარადგინონ. დანარჩენები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

პარტიები, რომლებმაც ცესკოში რეგისტრაცია გაიარეს (17 ივლისის საღამოს მონაცემებით):

– „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

– „სოციალური სამართლიანობისთვის“

– „საქართველო“

– „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

– „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“

– „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

– „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“

– „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

– „ევროპელი დემოკრატები“

– „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

– „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“

– „ლელო საქართველოსთვის“

– „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“

– „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“

– „სახელმწიფო ხალხისთვის“

– „თავისუფალი დემოკრატები“

– „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“

– „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

– „თავისუფალი საქართველო“

– „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“

რეგისტრაციაზე უარი ეთქვა:

– „სამშობლო“

– „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.