ვინ არის თბილისში მოკლული 32 წლის მამაკაცი

ორ მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ერთმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. თბილისში ყელისა და ზურგის არეში მიღებული ჭრილობებისგან დაღუპული 32 წლის მამაკაცი ყოფილი პოლიციელია, იუწყება ქართული მედია.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ ბარში ორ მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდგომში გადაიზარდა ჩხუბში, რომლის შედეგად ერთმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა, ხოლო პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.

Rustavi 2-ის ინფორმაციით, მოკლული ყოფილი პოლიციელია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა და თბილისში ახლახან დაბრუნდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.