რამდენმა ადამიანმა დაათვალიერა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ოთხ დღეში

„სამოთხე დედამიწაზე“ - დენდროლოგიურ პარკში უამრავი საოცარი მცენარის, ფრინველისა თუ ცხოველის ნახვა შეიძლება, მათ შორის – ვარდისფერი ფლამინგოსი, უნიკალური ხეებისა და სხვ.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე, დაბა შეკვეთილში დენდროლოგიური პარკ, რომელიც ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, გახსნიდან ოთხ დღეში უკვე 100 000-ზე მეტმა სტუმარმა დაათვალიერა.

„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნიდან დღემდე, ოთხი დღის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი სტუმარი გვეწვია! მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მოსვლისთვის და, განსაკუთრებით, იმ გულწრფელი ემოციების გამოხატვისთვის, რასაც თქვენი შთაბეჭდილებების სახით ვიღებთ, მათ შორის, პირად შეტყობინებებშიც. მადლობა და გელით კვლავ“, – ნათქვამია დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტუმრებს შორის არიან ცნობადი სახეებიც - სამი დღის წინ იქ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავის ქალიშვილ ანასთან ერთად იმყოფებოდა.

ტყე-პარკის ტერიტორიაზე არ არის დაშვებული მოწევა, ხმაური, იქ ვერ ნახავთ კვების ობიექტებს, თუმცა მრავლად არის სასმელი წყლის შადრევნები. პარკში ასევე არ შეიძლება ცურვა, ბალახის საფარზე სიარული, ცხოველების და ფრინველების კვება.

60 ჰექტარი ფართობის მქონე დენდროპარკში თავმოყრილია 150-ზე მეტი უნიკალური სახეობის ხეები, რომლებიც ივანიშვილმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ შეკრიბა. პარკში, უნიკალური ხეების გარდა, მცირე ზომის ტბაა, სადაც ფრინველის 58 სახეობაა გავრცელებული – თუთიყუშების სხვადასხვა სახეობიდან დაწყებული, ვარდისფერი ფლამინგოებით დამთავრებული.

დენდრარიუმის გახსნაზე 15 ივლისს ათასობით ადამიანი მივიდა. პარკი ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა ზაფხულში იმუშავებს 09:00-დან 19:00 საათამდე, შემოდგომაზე და გაზაფხულზე – 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო ზამთარში – 11:00-დან 17:00 საათამდე.

პარკის მშენებლობა 2016 წლის მარტში დაიწყო. რვა ჰექტარზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადატანილი ენდემური ჯიშის ხეებია დარგული. კოლექციაში 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი, მათ შორის კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და სხვა. დენდროლოგიურ პარკში გაშენებულია ბამბუკის ტყეც.

პარკში დასაქმებულია 120 ადგილობრივი ადამიანი.