თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისში აშენდება კიდევ ორი საბაგირო, რომელიც მომავალი წლის ბოლოს ამუშავდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ფრანგული კომპანია Sistra-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში ბევრია ვიწრო ქუჩა ზოგან რთული რელიეფია, რაც ავტობუსების გადაადგილებას ართულებს, ამიტომ გადაადგილების ალტერნატიული სახეობებია საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატიული ტრანსპორტი შეიძლება გახდეს საბაგირო.
ვაზისუბანი-სამგორის საბაგიროს აღდგენა უახლოეს დროს დაიწყება, წლის ბოლოსკენ იგეგმება საბაგიროს მშენებლობა სარაჯიშვილის გამზირიდან ზღვის უბნამდე - თბილისის ზღვასთან.
„ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
ვაზისუბანი-სამგორის საბაგიროს მშენებლობაზე საფრანგეთის განვითარების ფონდმა უკვე 30 მილიონი ევრო გამოყო.
დღეისათვის თბილისში სულ ორი საბაგირო მოქმედებს: რიყე-ნარიყალას საბაგირო, რომელიც ტურისტებს ემსახურება და ჭავჭავაძის გამზირის კუს ტბასთან დამაკავშირებელი საბაგირო.