ქართული „ნდობის სამკუთხედი" – კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს გამოცდილებას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველომ წარმატებას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მცოდნე ეპიდემიოლოგების, ეფექტური მთავრობისა და პასუხისმგებლიანი საზოგადოების წყალობით მიაღწია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში დისკუსიის „პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილება“ გახსნის დროს.

ღონისძიების ორგანიზატორია ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“.

ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის რისკი არ არის>>

„მცოდნე ეპიდემიოლოგები, ეფექტური მთავრობა, პასუხისმგებლიანი საზოგადოება. საზოგადოებას რომ არ ჰქონოდა ნდობა მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ, როდესაც ჩვენ ვეყრდნობოდით რჩევებს ჯანდაცვის სექტორიდან, ეს პროცესი არ იმუშავებდა. ამ სამკუთხედმა იმუშავა, ამიტომ შედეგებიც მივიღეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, ვირუსთან ბრძოლის პერიოდში მოხერხდა დემოკრტიის შემოწმებაც და პროპორციული ზომების მიღებაც.

ВВС: „სამი მუშკეტერი" საქართველოდან

„ჩვენ გამოვიყენეთ სრული კარანტინი, რათა შეგვეზღუდა ეპიდემიის გავრცელება. საგანგებო მდგომარეობა შესაბამის დროს გაუქმდა და მთელმა სურათმა პოზიტიური შეფასება დახატა გარე სამყაროდან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში COVID-19 დაუდასტურდა 1010 ადამიანს. 41 მოქალაქე სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 885 პაციენტი, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 5 497 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 249 პაციენტია.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.