ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის რისკი არ არის

მიუხედავად ოპტიმისტური პროგნოზებისა, ჯანდაცვის უწყება კორონავირუსის შესაძლო ახალი აფეთქებისთვის ემზადება და ჰოსპიტალურ სექტორს აძლიერებს.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მოცემულ მომენტში საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსის მეორე ტალღის რისკი პრაქტიკულად არაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ეპიდვითარებას დამაკმაყოფილებელი უწოდა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია.

ჯანმო: რიგ ქვეყნებში COVID-19–ის ხელმეორე პიკია და არა მეორე ტალღა

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვირუსი არ ფიქსირდება, რადგან 108 აქტიური შემთხვევა გვაქვს. იგივე მძღოლები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდიან, მათი სახითაც დაავადებულთა გარკვეული რაოდენობა გვყავს. აქედან გამომდინარე, ვრჩებით რეჟიმში, როდესაც ვაკვირდებით და გვაქვს მუდმივი მონიტორინგი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით", – აღნიშნა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, ვირუსის თვისებების, მსოფლიოსა და მეზობელ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოშიც არსებობს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის საფრთხე. სწორედ ამიტომ ხდება ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, განმარტა მინისტრმა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1010 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 885, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5497, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 249 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საქართველოში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა - ხელისუფლებამ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის პროცესი დაიწყო.

29 მაისიდან ქვეყანაში მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 1 ივნისიდან საქმიანობა განაახლეს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა, ასევე ღია ტიპის რესტორნებმა და კაფეებმა.

8 ივნისიდან გაიხსნა დახურული ტიპის რესტორნები და კაფეები, სასტუმროები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, ასევე განახლდა საქალაქთაშორისო მიმოსვლა.

ამასთან, ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს შეზღუდვები საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო მიმოსვლაზე, ასევე ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ.) დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრებაზე.

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.