ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება: სასწავლო პროცესი შერეული მოდელით

რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებში ონლაინ–მექანიზმის გამოყენება არ მოხდება, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდება.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში სასწავლო პროცესი შეიძლება შერეული მოდელით დაიწყოს, რაც ითვალისწინებს როგორც ონლაინ ისე საკლასო სწავლებას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, სწავლის პროცესის განახლებისთვის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებისთვის რისკების მოლოდინის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწავლების შერეული სისტემა გლობალურად არის აღიარებული. სწორედ ამ დაბალანსებული მეთოდის დახმარებით იქნება შესაძლებელი სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვა.

გამყრელიძე: დისტანციური სწავლა შეიძლება შემოდგომაზეც გაგრძელდეს

რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებში ონლაინ–მექანიზმის გამოყენება არ მოხერხდება, აღნიშნა გაბუნიამ. მისი თქმით, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდება.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა. სწავლის პროცესის განახლება სამჯერ გადაიდო. საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება მუშაობას სექტემბრამდე არ განაახლებს.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1010 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 885, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.