„ისე არ გააკეთოთ, რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანოთ“ – ფოტოგრაფი შსს-ში დაკითხეს

იაკობ ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ფოტოგრაფი საბედისწერო ღამეს კონფლიქტს გაექცა და მიტოვებულ შენობაში იმალებოდა.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფის იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა ჟურნალისტებს მოუწოდებს, სპეკულაციებს თავი დაანებონ, რადგან ამან შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. 

„მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს“ – გოგო, ვის გამოც შაქარაშვილს წვეულებაზე წასვლა უხაროდა

იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა შსს-ში ცოტა ხნის წინ დასრულდა. უწყების დატოვების შემდეგ მოწმემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის გამოძიებას არაფერს უმალავს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ფოტოგრაფის უდანაშაულობაში საზოგადოების დასარწმუნებლად აპირებენ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას, ყველაფერს გადაიღებენ, როგორ და სად იმალებოდა საბედისწერო ღამეს იაკობ ბრეგვაძე და ბიჭი აუცილებლად გადახტება იქ არსებულ ღობეზე ჟურნალისტების თვალწინ, რათა შეწყდეს სპეკულაციები.

რატომ არ ჰქონდა აპარატში იაკობ ბრეგვაძეს წვეულების ფოტოები – გაბეჩავას პირველი კომენტარი

იაკობ ბრეგვაძის პირველ ჩვენებასთან დაკავშირებით, რაც გიორგი შაქარაშვილის საქმეში დევს, სხვადასხვა მედიასაშუალების გამომძიებელი ჟურნალისტები ბევრ კითხვის ნიშანს სვამენ. არ სჯერათ ასევე იმ აუდიოჩანაწერის ავთენტურობისაც, რომელიც შსს-მ 7 ივლისს გაასაჯაროვა და სადაც ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს „112“-ის ოპერატორს ელაპარაკება და უხსნის ადგილმდებარეობას, სადაც მან თავი შეაფარა.

ფოტოგრაფი ჩვენებაში ამბობს, რომ ის იმალებოდა მშენებარე შენობაში Kebab house-სთან. ეს შენობა იმ სამრეცხაოს გვერდით მდებარეობს, სადაც მცხეთის დაბადების დღიდან წამოსულ და ხიდიდან გადმოსულ 6 ახალგაზრდას (რომელთა შორის გიორგი შაქარაშვილიც იყო), მანქანიდან გადმოსული პირები დაედევნენ. ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ამბობს, რომ სწორედ ამ ინციდენტს გაექცა. კითხვები არსებობს „თავშესაფარში“ მოსახვედრად მაღალ ღობეზე გადახტომასთან დაკავშირებითაც – ჟურნალისტებს არ სჯერათ, რომ ახალგაზრდა შეძლებდა ამ ღობეზე გადახტომას.

გიორგი შაქარაშვილის სიტყვების გახსენებაზე მეგობარმა იტირა – ემოციური ვიდეო

საქმეში ასევე დევს იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატი და მეხსიერების ბარათი, სადაც ირკვევა, რომ იუბილარ ანა გაბეჩავას წვეულებიდან არც ერთი ფოტო არ არის. როგორც მოგვიანებით „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორს ელისო კილაძეს გაბეჩავამ ინტერვიუში უთხრა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბრეგვაძე გვიან მივიდა წვეულებაზე, რის შემდეგაც მალევე დაიწყო კონფლიქტი, ამიტომ მან უბრალოდ ვერ მოასწრო იქ ფოტოების გადაღება.

18 ივნისს, გვიან საღამოს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული გაეშურნენ.

საქართველოს ომბუდსმენი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მონიტორინგს განახორციელებს

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით მიმართა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.