თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სიცხის, დიარეისა და ღებინების სიმპტომებით ცხრა მოქალაქე შეიყვანეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორი მცირეწლოვანია, რომლებიც ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე ცხოვრობენ, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, რაც სასმელი წყლის პრობლემა არსებობს. ინტოქსიკაციის მიზეზად სწორედ დაბინძურებულ წყალს ასახელებენ.
ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის დავით მურვანიძის განმარტებით, მოქალაქეებს ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მკურნალობენ. ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
„პაციენტები აღნიშნავენ, რომ სიმპტომები დაეწყოთ წყლის მიღების შემდეგ, მაგრამ მიზეზის თქმა ჩვენ გაგვიჭირდება, ეს ეპიდემიოლოგებმა უნდა დაადგინონ. ჩვენ კლინიკაში პაციენტებს საჭირო კვლევებს ჩავუტარებთ“, – განაცხადა მურვანიძემ.
დღეს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. შარაშიძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, უკვე ხუთი დღეა მოქალაქეები სასმელი წყლით იწამლებიან, რადგან ქსელი დაზიანებულია და წყალი დაბინძურებული მოდის.
მათი განცხადებით, დასახლებაში არაერთხელ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და რამდენიმე ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკვე იყვნენ სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც წყლის სინჯები აიღეს.