საქართველო ყურადღებით აკვირდება ვითარებას სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაძაბულობის დეესკალაციის პროცესი დაიწყონ.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველო აქტიურად ადევნებს თვალს სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მხარეები აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ 12 ივლისამდე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებას.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა: ვრცელდება ვიდეო- და ფოტოფაქტები

„ახლო კომუნიკაციაში ვარ ჩემს კოლეგა მინისტრებთან. ორივე მინისტრთან მქონდა სატელეფონო საუბრები და გამოვხატე ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და წუხილი სიტუაციასთან დაკავშირებით. მათ იციან ჩვენი პოზიცია – ჩვენ არანაირად არ ვართ დაინტერესებული სიტუაციის შემდგომი ესკალაციით, პირიქით, აუცილებელია, რომ მხარეები დაუბრუნდნენ სიტუაციას, რომელიც იყო 12 ივლისამდე, ანუ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი პირველად გასცდა მთიანი ყარაბაღის არეალს და სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე გადაინაცვლა.

მოიერიშე დრონები სომხეთში, განადგურებული პუნქტები აზერბაიჯანში: ვრცელდება ვიდეო

„ამიტომ კიდევ უფრო მეტი წინდახედულება და სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი და აქტიური ჩართულობა პროცესში, პირველ რიგში ეუთოს მინსკის ფორმატის თანათავმჯდომარეების გააქტიურება და ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ამ კონფლიქტის მოწესრიგების საფუძველი და ფუნდამენტია“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და პროცესი საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მექანიზმების მეშვეობით დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოგვარების კალაპოტში დააბრუნონ.