სპილენძი და ალუმინი ექსპორტზე: საქართველოში ახალი საწარმო გაიხსნა

საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც მთლიანად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს უზრუნველყოფს.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოში სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალი საწარმო გაიხსნა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

რაში სჭირდება ქვეყანას უცხოური ინვესტიცია და როგორ მოვიზიდოთ უცხოური კაპიტალი>>

პროექტი 15 მლნ ლარის უცხოური ინვესტიციებით განხორციელდა, თანხა თურქულმა კომპანია Koç Kablo-მ ჩადო. 2018 წლის თებერვალში კომპანიას 9,5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა.

„ახალი საწარმო ძალიან მაღალტექნოლოგიური და კონკურენტულია და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. საწარმო შეიქმნა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფოს დახმარებით და მიუხედავად იმისა, რომ ახლადგახსნილია, ამ ეტაპზე უკვე ასაქმებს 100 ადამიანს, ხოლო მომავალში ამ მაჩვენებელს, პრაქტიკულად, გააორმაგებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

საწარმოს სიმძლავრე წლის განმავლობაში არის 12 ათასი ტონა სპილენძისა და ალუმინის დამუშავება. ეს ფინანსური მაჩვენებლებით შეადგენს 300 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის წარმოებას, 40 მლნ დამატებული ღირებულების შექმნას და მილიონობით ლარის გადასახადების შედინებას ბიუჯეტში. სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმოში დაახლოებით 250 ადამიანი დასაქმდება, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საწარმო პროდუქციას ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის ამზადებს. კომპანიამ უკვე მიიღო დიდი შეკვეთები ბურკინა–ფასოდან და განიდან, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდ ბრიტანეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მსგავსი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა, ახალ საწარმოებს ქმნის, საქმდებიან მოქალაქეები, ასევე ძლიერდება საქართველოს საექსპორტო პოტენციალი.

მიმზიდველი პირობები: რას სთავაზობენ უცხოურ კომპანიებს საქართველოში

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.

2019 წელს დამტკიცდა სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია. სააგენტოს ხელშეწყობით 2019 წელს ქვეყანაში ხუთი ახალი საინვესტიციო პროექტი გაჩნდა, რომლებმაც ქვეყანას 83 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოუტანა და 850 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.