მსოფლიო დღეს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა: ვრცელდება ვიდეო- და ფოტოფაქტები

სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა, რასაც ორივე მხარე ადასტურებს, თუმცა ამაში ერთმანეთს სდებენ ბრალს.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისის — Sputnik. სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა, იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი შუშან სტეფანიანი.

„ღამის 03:40 საათზე სომხეთის წინა ხაზზე მყოფმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის მოძრაობა შენიშნეს. სომხურმა ქვედანაყოფებმა აღკვეთეს დივერსიული შეღწევის მცდელობა. სასტიკი ბრძოლების შემდეგ მოწინააღმდეგემ დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია“, — დაწერა სტეფანიანმა Facebook-ზე.

მისი თქმით, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა 04:20 საათზე არტილერიიდან დაცხრილეს სოფლები აიჰეპარი და მოვსესი.

სტეფანიანი ხაზს უსვამს, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველი მნიშვნელოვანი დარღვევაა აზერბაიჯანის მხრიდან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, ადასტურებს შეტაკებების განახლების ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ ეს სწორედ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს თოვუზის რაიონში მათ პოზიციებზე შეტევა და ნაღმმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი იარაღით დაცხრილეს სოფლები აგდამი, დონდარ გუშჩუ და ვაჰიდლი (ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე).

სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლები არ წყდება: განადგურებულია კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი – ვიდეო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განმარტებით, სამოქალაქო პირთაგან არავინ დაშავებულა.

12 ივლისს დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, ისევ გრძელდება. 

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ შეტაკების დაწყებასა და სროლებს. მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.