„საქართველოს ფოსტის“ გაყიდვა 2021 წლამდე გადაიდო

მთავრობის გეგმები კომპანიასთან დაკავშირებით პანდემიის გამო შეიცვალა და პრივატიზაციის საკითხი მომავალ წლამდე გადაიდო
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზაცია 2021 წლამდე გადაიდო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

„საქართველოს ფოსტის“ პრივატიზაცია მთავრობის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა.

„საქართველოს ფოსტამ“ საბერძნეთსა და იტალიაში ამანათების მიწოდება განაახლა

„საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებით გვქონდა გეგმა, მის პრივატიზაციის, დავიწყეთ კიდეც ამაზე მუშაობა, ჩვენს მიერ მოწვეული საერთაშორისო აუდიტი იყო შესული, რომელთაც უნდა გაეკეთებინათ შეფასება, რადგან მთავარი ამოცანა იყო პრივატიზაციის იმდაგვარად დაგეგმვა, რომ სოციალური საკითხები ყოფილიყო დაცული. სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას ფოსტა აუცილებლად უნდა მოემსახუროს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პანდემიამ შეცვალა მთავრობის გეგმები და საკითხი მომავალ წლამდე გადაიდო.

დღეისათვის „საქართველოს ფოსტა“ ყველაზე მსხვილი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც წერილების და ამანათების გადაგზავნას მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.