COVID-19 - ბოლო ცნობები

ოჰ, ეს უცნაური პარიზი! – რა მოთხოვნებს უყენებს საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის საელჩომ რიგი მოთხოვნები გამოაქვეყნა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში შესვლისას წარუდგენენ.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამია, 2 ივლისიდან საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე შესვლისთვის აუცილებელია იყოთ ამ ქვეყნის ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე; ან საფრანგეთის ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის ბინადრობის ბარათის მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქე; ან D ტიპის საფრანგეთის ვიზის მფლობელი.

ტესტირება, კარანტინი, მოგზაურობის ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საზღვრის კვეთისას

თუმცა, თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთისას აუცილებლად უნდა გქონდეთ ბიომეტრული პასპორტი და კიდევ შემდეგი დოკუმენტები: გამგზავრების და უკან დაბრუნების ბილეთი, დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი, მოწვევის წერილი ან ოფიციალური მოწვევა; საფრანგეთში ყოფნის მთელ პერიოდზე საკმარისი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი საბუთი, ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე; ქვეყანაში ყოფნის მთელ პერიოდზე გათვლილი სამედიცინო დაზღვევა.

საფრანგეთში სტუმრობა შეუძლია შენგენის ვიზის მფლობელ ნებისმიერ პირს.

საელჩო ასევე იუწყება, რომ თუ საფრანგეთში ბინადრობის უფლების დოკუმენტს მოქმედების ვადა 2020 წლის 16 მარტსა და 15 ივნისს შორის პერიოდში ამოეწურა, იგი 6 თვით ავტომატურად გახანგრძლივდება.

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაცია მისცა წევრ ქვეყნებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და სხვ.

საქართველომ, თავის მხრივ, ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნა. ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ.