მსოფლიო დღეს

კვესტი დამარხული განძის ძიებაზე: იუველირი მინიშნებებს ყიდის

იუველირმა და მისმა მეუღლემ ტყეებში მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა დამალეს და ახლა განძის მაძიებლებზე მინიშნებებს ყიდიან.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. შთამომავლობით იუველირმა, მიჩიგანელმა (აშშ) ჯონი პერიმ ტყეებში მილიონი დოლარის საგანძური ჩაფლა და მაძიებლებისთვის გარკვეული მინიშნებები გააკეთა, იუწყება WJBK.

​გავრცელებული ინფორმაციით, პერი და მისი მეუღლე ოთხი თვის განმავლობაში მარხავდნენ მათი კუთვნილი საიუველირო მაღაზიებიდან ამოღებულ გაუყიდავ განძეულს დეტროიტიდან დიდ ტბებამდე არსებულ ტყეებში.

ირკვევა, რომ განძის დასამარხად პერიმ ისეთი ადგილები შეარჩია, რომლებიც მის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. ზოგ წერტილამდე წყვილს ბაიდარებით მისვლამაც კი მოუწია.  

როგორც იუველირი ამბობს, თითოეულ „სამარხში“ რამდენიმე ათასი დოლარის ბრილიანტები, ოქრო და იშვიათი მონეტებია დაფლული.

ჯონი პერი აპირებს, რომ განძის მაძიებლებს დაშიფრული მინიშნებები მიჰყიდოს, რომელთა მეშვეობითაც ძვირფასეულობის პოვნაა შესაძლებელი. ადამიანს, რომელიც მინიშნებების გაშიფრვას მოახერხებს, განძის პოვნის შესახებ GPS-ტრეკერი აცნობებს, რომელიც საიუველირო ნაკეთობებთან ერთადაა ჩაფლული მიწაში.

ცნობილია, რომ პირველ განძეულზე ნადირობა 1 აგვისტოს დაიწყება. პერის აზრით, ეს რთული საქმე არ იქნება და ძებნას კვირაზე მეტი არ დასჭირდება.

ეძებეთ ქართველ მეფეთა საგანძური: ლეგენდებით შემონახული ადგილები>>

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავს მეთოდს მიმართა 89 წლის კოლექციონერმა ფორესტ ფენმა, რომელმაც 2010 წელს განძეულით სავსე სკივრი დამარხა მთებში. ადგილის კოორდინატები მან ლექსად დაშიფრა. განძეული, რომელსაც ათასი ადამიანი ეძებდა და ხუთი მაძიებელი ემსხვერპლა კიდეც, მიმდინარე წლის ივნისში იპოვეს.