მსოფლიო დღეს

ბუბონური შავი ჭირი: მონღოლეთში კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ეს მონღოლეთში ბუბონური ჭირით დაინფიცირების მეორე შემთხვევაა. ადრე ამავე პროვინციაში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. მონღოლეთის ექიმებმა განაცხადეს ბუბონური შავი ჭირით ინფიცირების შესაძლო შემთხვევის შესახებ – საუბარია ქვეყნის დასავლეთით მდებარე გოვ-ალტაის პროვინციის მკვიდრ 16 წლის მოზარდზე, რომელიც უკვე იზოლაციაში მოათავსეს, იუწყება სააგენტო Xinhua News Agency ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„16 წლის ბიჭი ერდენეს სომონიდან (უმცირესი ტერიტორიული ერთეული მონღოლეთში) იზოლაციაშია ადგილობრივ საავადმყოფოში. ოთხშაბათს მას მაღალი სიცხე ჰქონდა“, – იუწყება მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

ცნობილია, რომ 14 ივლისს ბიჭმა ვირზაზუნის ხორცი შეჭამა. ეს მღრღნელი ხშირად არის ბუბონური შავი ჭირის გადამტანი. ექიმები მოქალაქეებს არ ურჩევენ საკვებად მის გამოყენებას.

ახალი და უცნობი პნევმონია ყაზახეთში: ინფიცირებულია 500 ადამიანი

ადრე ცნობილი გახდა, რომ ამავე პროვინციაში (გოვ-ალტაი) ბუბონური შავი ჭირით 15 წლის მოზარდი დაინფიცირდა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დადგინდა, რომ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მანაც მეგობრებთან ერთად ვირზაზუნის ხორცი შეჭამა. გარდაცვლილი მოზარდის ორი მეგობარი და კიდევ 15 პირი კარანტინში მოათავსეს და ისინი მკურნალობას საავადმყოფოებში გადიან, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შავი ჭირი – მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება და ძალიან გადამდებია. ბუნებრივ კერებში ინფექციის – ჭირის ჩხირის წყაროებია ძირითად მღრღნელები: ვირზაზუნა, თრია, ციყვი, ვირთხები, ხოლო გადამტანები რწყილები არიან.