აუქციონი არ შედგა: საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას ახალი მფლობელი არ გამოუჩნდა

შენობის რეალიზაციის მიზნით აუქციონი ხელმეორედ გამოცხადდა და 31 ივლისს დასრულდება, ობიექტის საწყისი ფასი კი 10 პროცენტითაა დაკლებული.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 68-ში მდებარე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (საზმაუ) ძველ შენობაზე გამოცხადებული აუქციონი უშედეგოდ დასრულდა.

პირველი არხის ცნობით, აუქციონზე გამოტანილ უძრავ ქონებას, რომლის გაყიდვასაც ხელმძღვანელობა 122 432 000 ლარად გეგმავდა, მფლობელი არ მოეძებნა.

ამასთან დაკავშირებით გამოცხადდა ახალი აუქციონი, რომელიც ორ კვირაში დასრულდება და შენობის ბედი 31 ივლისს 15:00 საათზე გადაწყდება.

ყველაფერი საპრივატიზაციოდ: კალაძეს თბილისის ეკონომიკის „გაცოცხლება“ სურს

ტელეკომპანიის მენეჯმენტმა თავდაპირველად გამოცხადებული ფასი 10%-ით დაწია და ამგვარად აუქციონზე უძრავი ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იქნება.

ამასთან ერთად, საზმაუ-მ ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა უკვე გასცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ვაკე-საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 46,8 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობისთვის გამოყოფილია ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი.

საზმაუ-ს ამჟამინდელი შენობა კოსტავას ქუჩაზე ავარიულ მდგომარეობაშია. სამეურვეო საბჭომ ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი გადაჭრა.