თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ევროპაში ბიზნესზე უხეში ზეწოლის მცდელობაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-ის ახალ განცხადებაზე, რომელიც რუსეთის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების შესაძლო დაწესებას ითვალისწინებს.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსეთის სანქციებით შემაკავებელი კანონის ფარგლებში, გამოაქვეყნა რეკომენდაციები და ჩართო დოკუმენტში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და ასევე „თურქეთის ნაკადის“ მეორე ტოტი.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა არაკეთილსინდისიერი კუნკურენციის გაგრძელება, მცდელობა იმისა, რომ ევროპელები აიძულონ, შეიძინონ უფრო ძვირადღირებული გაზი ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს აქტიურ წინააღმდეგობას უწევს აშშ, რომელიც ევროკავშირს საკუთარ გათხევადებულ ბუნებრივ აირს სთავაზობს. გარდა ამისა, პროექტს ეწინააღმდეგება უკრაინა და ასევე რიგი ევროპული ქვეყნები.