ხმაურის საფრთხე ორსულებისა და ნაყოფისთვის: მეცნიერები დასკვნას აქვეყნებენ

ამერიკელმა მეცნიერებმა 12 წლის განმავლობაში დაგროვილი უნიკალური ჩანაწერები შეისწავლეს და დაასკვნეს – რა ნეგატიურ გავლენას ახდენს ხმაური ნაყოფზე.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ლიჰაის უნივერსიტეტისა და ლაფაიეტის კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმამაღალმა ბგერებმა შეიძლება არა მარტო ორსული ქალის, არამედ ნაყოფის მდგომარეობაზეც ნეგატიურად იმოქმედოს.

მათი კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Science Direct.

COVID-19 და ორსულები: ბრიტანელი მეცნიერები სენსაციურ ფაქტებს აქვეყნებენ

ამ დასკვნამდე მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 2004-დან 2016 წლამდე დაბადებული ბავშვების შესახებ არსებული უნიკალური ჩანაწერები შეისწავლეს. ეს ჩანაწერები შეიცავდა დედების საცხოვრებელ მისამართებს, ასევე მონაცემებს ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შესახებ.

შედეგად გაირკვა, რომ დედებში, რომლებიც ხმაურიან რაიონებში, მაგალითად, აეროპორტის მახლობლად ცხოვრობენ, 22%-ით მაღალია რისკი, რომ არასაკმარისი წონის ბავშვი გააჩინონ. ამან კი შეიძლება შემდგომში ბავშვის ფიზიკო-ფსიქოლოგიურ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედოს.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მსგავსი პრობლემები იმ ქალებშიც შეინიშნებოდა, რომლებიც ორსულობის დროს ხმაურიან წვეულებებს ხშირად სტუმრობდნენ. ასეთი ქალები ხშირად დღენაკლულ ბავშვებს შობდნენ.

რა ეკრძალებათ ორსულ ქალებს: ხალხური ცრურწმენები და მეცნიერული ახსნა>>

სწავლულებს იმედი აქვთ, რომ მათი კვლევა ადამიანებს დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რაოდენ მავნებელი შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის ხმამაღალი ბგერების ზემოქმედება და, ამასთან, დააჩქარებს ქალაქებში ზედმეტი ხმაურის პრობლემის გადაწყვეტას.

ამასთან, მკვლევართა აზრით, მათ მიერ მიღებული ცნობები ადასტურებს თვითმფრინავების ფრენების სქემების ოპტიმიზაციის აუცილებლობას, რათა ასაფრენ ზოლზე დაჯდომისას და აფრენისას გამოცემულმა ხმებმა მინიმალური ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.