ტიკარაძე: ჩვენ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კულტურა დავნერგეთ

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან თვეზე ცოტა მეტ დროში შრომის ინსპექციამ 13 ათასზე მეტი ობიექტი შეამოწმა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა ღონისძიება, რომელიც შრომის ინსპექციის შექმნის ხუთი წლისთავს მიეძღვნა, და ისაუბრა ამ უწყების როლზე ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვაში.

ტურისტების მოლოდინში: აჭარაში 180-მდე სასტუმრო შეამოწმეს >>

ტიკარაძის თქმით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული.

„ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ და შევქმნათ უსაფრთხო გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა 2015 წელს დაიწყო. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სწორედ ამ დროს შეიქმნა. 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულიყო, როგორც ძლიერი მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო ბიზნესს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი, რათა გასცნობოდა და დაეცვა შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები.

დაჯარიმებული ქორწილი - საქართველოში კვების ობიექტებმა სერიოზული ჯარიმები „აიკიდეს“

2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რის შემდეგაც შრომის ინსპექცია გადავიდა შრომის უსაფრთხოების კონტროლის სრულიად ახალ ეტაპზე. 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ობიექტზე, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.

„2015 წლის შემდეგ გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის უკანაც ძალიან დიდი შრომა დგას – როგორც აღსრულების კუთხით, ასევე საკანონმდებლო კუთხით“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით უკვე განხორციელდა 13300-მდე ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინსპექტირება ხორციელდება როგორც გეგმურად, ასევე არაგეგმურად.

ღონისძიება გაიმართა კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.