საქართველოს კომუნიკაციების კომისია დათმობაზე მიდის: სკანდალური კანონპროექტი შეიცვალა

კომუნიკაციების კომისიის მიერ კომპანიებში დანიშნული სპეციალური მმართველის ფუნქციები და უფლებამოსილებები შეიზღუდება
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. კომუნიკაციების ეროვნული კომისია დათმობაზე წავიდა და პირველი მოსმენისთვის შეცვალა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი და დროებითი მმართველის დანიშვნის პირობები.

საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორები გაჩნდებიან >>

ცვლილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ანიჭებდა უფლებამოსილებას, კომპანიაში, რომელიც მომხმარებლებს ელექტრონული კომუნიკაციების სერვისს სთავაზობდა, არაუმეტეს ორი წლის ვადით დაენიშნა სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფდა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

აღნიშნულმა მუხლმა გამოიწვია ოპოზიციისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მასმედიის უკმაყოფილება. მათ მთავრობის ინიციატივა შეაფასეს, როგორც ცენზურის დაწესებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. კოალიციამ  „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც აერთიანებს ათზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, თავის განცხადებაში მიუთითა, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით „კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი ძალაუფლება მიღებული გადაწყვეტილებების ამოქმედებით და რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სუბიექტების მართვის (სპეციალური მმართველის დანიშვნა)  და წილის გასხვისების უფლების მეშვეობით“.

ეს შენიშვნები კანონპროექტის ინიციატორებმა გაითვალისწინეს და კანონში გაჩნდა ახალი ფორმულირება. ახლა დროებითი მმართველი დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ შეასრულებს კომისიის გადაწყვეტილებებს ჯარიმების გამოწერის შემდეგ, მისი ავტორიზაციის ან ლიცენზიის შეწყვეტა კი ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას ან მოქალაქეთა ინტერესებს.

ამასთან, დროებითი მმართველი უზრუნველყოფს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას და ამისათვის აღჭურვილი იქნება შეუზღუდავი უფლებებით, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა თუ დირექტორების გათავისუფლების უფლებით. თუმცა არ ექნება კომპანიის წილის განკარგვის უფლება.

სიცარიელეების შევსება - მედია და ოპოზიცია ახალ კანონპროექტს „წარმოუდგენელს“ უწოდებენ

კომისიის მითითებით, აღნიშნული კანონპროექტი არ უკავშირდება მასმედიას. აღსრულების ეფექტური მექანიზმების შესახებ ცვლილებები ეხება მხოლოდ პირებს, რომლებიც ფლობენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ავტორიზებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით.

საქართველოს პარლამენტმა შესწორებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კომისიას მობეზრდა?

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დევს ერთი საქმე, რომელიც თითქმის ერთი წელია იხილება.

ორმა ქართულმა ინტერნეტ-პროვაიდერმა - „კავკასუს ონლაინმა“ და „რკინიგზის ტელეკომმა“ - გააფორმეს შეთანხმება წილის გაყიდვაზე და ამის შესახებ არ აცნობეს კომისიას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, თუ ავტორიზებული პირი 5%-ზე მეტ წილს გაყიდის, ის ვალდებულია, მიმართოს კომისიას და მისგან თანხმობა მიიღოს. კომპანიებმა განკარგეს წილები, რის შესახებაც წინასწარ არ აცნობეს მარეგულირებელს, რითაც დაარღვიეს მოქმედი კანონმდებლობა.

კომისიამ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გააფრთხილა კომპანიები და დაუწესა ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად 2019 წლის 3 დეკემბრამდე. თუმცა კომპანიებმა დღემდე არ შეასრულეს ეს ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დაჯარიმდნენ.

ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი 270 ათასი ლარით დაჯარიმდა

„კავკასუს ონლაინი“ - არის რეგიონის ლიდერი ტელესაკომუნიკაციო კომპანია. ის 2006 წელს შეიქმნა წამყვანი საკომუნიკაციო კომპანიების - „კავკასუს ნეთვორქის“ (საქართველოს ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ-პროვაიდერი), „ჯორჯიან ონლაინის“, „სანეტისა“ და „ტელენეტის“ შერწყმის შედეგად.

2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი“ არის 1200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მფლობელი. სწორედ ამ კაბელის მეშვეობით ხორციელდება ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის სატრანზიტო მოწოდება. შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დახმარებით შესაძლებელი გახდა მაღალი ხარისხის ინტერნეტის შემოტანა ევროპიდან აზიაში.

მისთვის ავტორიზაციის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს ინტერნეტის პრობლემებს მთელი საქართველოსთვის.