მსოფლიო დღეს

გმო-ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ: ევროკავშირის საბჭომ გამონაკლისი დაუშვა

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი ვაქცინის შექმნაზე ევროკავშირის საბჭომ გამონაკლისი დაუშვა, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაში „ძვირფასი დრო“ არ დაიკარგოს.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ ნებართვა გასცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და წამლების გამოცდაზე, რომლებიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს, ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

რუსეთში დასრულდა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა

როგორც ევროკავშირის საბჭოში განმარტეს, აღნიშნული გამონაკლისი დროებითაა დაშვებული კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში, რათა COVID-19-ის მკურნალობისთვის აუცილებელი პრეპარატების მიღება დაჩქარდეს.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სასწრაფოდ გვესაჭიროება. აღნიშნული რეგლამენტი გვაძლევს გარანტიას, რომ ევროკავშირში კლინიკური გამოცდები დაყოვნების გარეშე დაიწყება და ძვირფასი დრო არ დაიკარგება. დღეს მიღებული აქტი აჩვენებს, რომ ევროკავშირი მზადაა საკუთარ თავზე აიღოს გლობალური ძალისხმევა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნის უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გმო–პრეპარატების გამოცდა 18 ივლისიდან დაიწყება — გარემოზე შესაძლო ზემოქმედების წინასწარი შეფასების გარეშე.

ამასთან აღინიშნება, რომ გმო–პრეპარატების გაყიდვა შესაძლებელი მხოლოდ ევროკომისიის მიერ უფლებამოსილი ორგანოებისგან სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ იქნება.