„გადავარჩინოთ ტურიზმი": ტუროპერატორების მორიგი მოთხოვნები ხელისუფლებას

ტურიზმი კორონავირუსის შედეგად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა, რამდენადაც ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მარტში საზღვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაკეტა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მსვლელობა მოაწყვეს ძველი თბილისიდან მთავრობის კანცელარიის შენობამდე ლოზუნგით „გადავარჩინოთ ტურიზმი", იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი.

რამდენიმე ათეულმა ტუროპერატორმა და გიდმა სასტუმროების გახსნა, ავიამიმოსვლის აღდგენა და სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის რეჟიმის გაუქმება მოითხოვა.

„ჩვენ ვაპროტესტებთ კორონავირუსის პირობებში ჩვენი მთავრობის პოლიტიკას. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ საკუთარი საზღვრები გახსნა და ჩვენი ქვეყანა საზღვრებს არ ხსნის, ტურიზმს ზარალს აყენებს, ამიტომაცაა ჩვენი აქციის სახელწოდება „გადავარჩინოთ ტურიზმი", – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა მარიამ კუკუნაშვილმა.

მისი თქმით, ჩარტერული რეისები ტურისტულ სექტორს ვერ უშველის.

გასულ კვირაში ანალოგიური აქცია გამართეს სამსახურის გარეშე დარჩენილმა გიდებმა.

ავიამიმოსვლის აღდგენასა და საზღვრების გახსნას საქართველოს მთავრობა 1 ივლისიდან გეგმავდა, მაგრამ მსოფლიოში გართულებული ეპიდვითარების გამო საჰაერო სივრცის გახსნა 1 აგვისტომდე გადაიდო.

საქართველოს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

საქართველომ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნა. ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ. ქართველი ეპიდემიოლოგები საზოგადოებას აფრთხილებენ, თუ რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საზღვრების გახსნა და ამიტომაც მთავრობას მოუწოდებენ, აღნიშნულ საკითხს სიფრთხილით მოეკიდონ.

„ვიდრე შეზღუდვები მოიხსნება, აუცილებელია კარგად გაანალიზება და რეგულაციების შემუშავება, რათა შესაძლო რისკები შემცირდეს. აქამდე საქართველო წარმატებით უმკლავდებოდა სიტუაციას, რამდენადაც ყველაფერი გააზრებულად ხდებოდა. დაახლოებით იგივე, მაგრამ გაცილებით სერიოზულადაა საქმე, როდესაც ჩვენ საზღვრების გახსნაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა რისკებს ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ საზღვრები ერთბაშად არა ყველასთვის, არამედ მხოლოდ ხუთი ქვეყნისთვის გაიხსნა", – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ტურიზმი კორონავირუსის შედეგად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა, რამდენადაც ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მარტში საზღვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაკეტა. ახლა ხელისუფლება შიდა ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.