მსოფლიო დღეს

ევროკავშირი გვიყენებს: დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა

შეერთებული შტატები „უზარმაზარ ეკონომიკურ შეჯიბრშია“ ჩართული ჩინეთთან და ევროპასთან, რომელიც აშშ-ს „არასდროს ეკიდებოდა კარგად“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ-სგან სარგებელი მიეღო, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

​​ამერიკის ლიდერის თქმით, აშშ „უზარმაზარ ეკონომიკურ შეჯიბრშია“ ჩართული ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროპასთან, რომელიც აშშ-ს „არასდროს ეკიდებოდა კარგად“.

„ევროპის კავშირი შეიქმნა იმ მიზნით, რომ შეერთებული შტატებისგან სარგებელი მიეღოთ, ის იმისთვის ჩამოყალიბდა, რომ ესარგებლათ ამერიკით. მე ეს ვიცი“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ლიდერს არ დაუსახელებია კონკრეტული მაგალითები, რომლებიც მის პოზიციას დაადასტურებდა.

ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ სავაჭრო ომში ჩაერთო ჩინეთთან. გარდა ამისა, გარკვეული საბაჟო გადასახადები დაუწესა ევროპის ქვეყნებსაც. მაგალითად, გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 2021 წლის 6 იანვრიდან ძალაში შევა 25%-იანი ბაჟი 1,3 მლრდ დოლარის მოცულობის ფრანგულ საქონელზე. ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის მიერ დაწესებული „ციფრული გადასახადის“ საპასუხოდ მიიღო, რომელიც უმსხვილესი ციფრული კომპანიების Amazon-ის, Apple-ის, Facebook-ისა და Google-ის მომსახურებაზე გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს. ამ ფრანგულმა კანონმა ძლიერი კრიტიკა გამოიწვია აშშ-ში.